კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინი” 270 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს რიგით მეექვსე სანქცია, რომელიც კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა.
"კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეათე თვეა არ ასრულებს. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს", - წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიამ 30 000 ლარიანი ჯარიმა "კავკასუს ონლაინს" 2019 წლის 12 დეკემბერს დააკისრა. საქმე კომისიის თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებას ეხებოდა. კომსიამ "კავკასუს ონლაინს" კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.
"სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს და 25 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა ორჯერ დააკისრა", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.